ლევან მაჭავარიანი: მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ მიდგომები შეიცვლება
,,მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ მიდგომები შეიცვლება და საღი აზრი გაიმარჯვებს ევროპაშიც, როგორ უკვე გაიმარჯვა აშშ-ში”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ურჩევს ევროპის ქვეყნებს, რომ დროა იზრუნონ საკუთარ სუვერენიტეტზე.
„ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, საქართველო რჩება ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა. აქ უბრალოდ არის PACE-ზე საუბარი, ევროსაბჭოს ერთ-ერთ სტრუქტურაზე. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ მიდგომები შეიცვლება და საღი აზრი გაიმარჯვებს ევროპაშიც, ისევე, როგორც უკვე გაიმარჯვა აშშ-ში. შევახსენებ საზოგადოებას, რომ როდესაც წინა ადმინისტრაცია იყო ამერიკის ხელისუფლებაში, პრესსპიკერი მეთიუ მილერი ფაქტობრივად დღე არ გადიოდა ისე, რომ ჟურნალისტებთან საუბარს საქართველოთი არ იწყებდა და რაღაც აბსურდულ ბრალდებებს ამბობდა. მრავლად გვახსოვს ეს ყველაფერი.
ხედავთ, რომ მოვიდა ახალი ადმინისტრაცია, საღმა აზრმა გაიმარჯვა, გამოუცხადა ამ ახალმა ადმინისტრაციამ ღია ომი, ბრძოლა „დიფ სთეითს“, რომელსაც ჩვენ „გლობალურ ომის პარტიას“ ვეძახით და თითქოს ეს შეთქმულების თეორია იყო ჩვენი მხრიდან. არ მგონია, რომ ბატონი დონალდ ტრამპი წამოეგებოდა „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიას და შესაბამისად, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია გადავა ევროპაშიც.
ისევ აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებები რომ მოვიშველიო, რომელიც მრავლად არის, მაგალითად ილონ მასკის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პიროვნებაა დონალდ ტრამპთან, იგი პირდაპირ აცხადებს, რომ ჭარბი ძალაუფლება არის ბრიუსელის ბიუროკრატების ხელში და ამას იწვევს ჯორჯ სოროსი, პირდაპირ აცხადებენ ამას. სანამ ეს ასე გაგრძელდება და ამხელა ძალაუფლება იქნება ბრიუსელის ხელში, შესაბამისად, მიდგომებიც იქნება ასეთი უსამართლო. აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია ურჩევს ევროპის ქვეყნებს, რომ დროა უფრო თქვენს სუვერენიტეტზე იზრუნოთ და გათავისუფლდეთ რაღაც გავლენებისგან, რომლის უკანაც ჯორჯ სოროსი დგას. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინები, რომ ამერიკაში რა პროცესიც დაიწყო, ევროპაზეც გადავა და ევროკავშირის მხრიდანაც იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება.
მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.