ლევან მაჭავარიანი PACE-ს დატოვებაზე: ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც გუნდმა ერთობლივად მივიღეთ, ვინაიდან გაგვაჩნია ეროვნული თავმოყვარეობა
„ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა გუნდმა ერთობლივად მივიღეთ, ვინაიდან გაგვაჩნია ეროვნული თავმოყვარეობა. ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა და ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს სუვერენიტეტს, იმ მილიონ 120 ათასზე მეტ ამომრჩეველს, ვინც ჩვენ მხარი დაგვიჭირა,“ – ამის შესახებ ~ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს საკითხზე დამტკიცებულ რეზოლუციასთან და ქართული დელეგაციის მიერ მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დელეგაციის თბილისში მყოფი ნაწილი, თავიდან ბოლომდე ჩართულები იყვნენ ამ გადაწყვეტილებაში.
„ქალბატონი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს ამ დელეგაციას მოგეხსენებათ. ქალბატონი თეა წულუკიანის ასეთი მიდგომა არის, რომ რა თემასაც იგი ხელმძღვანელობს, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას იგი იღებს, მაგრამ აბსოლუტურად ყველას გვეკითხება ჩვენ აზრს და ამ აზრზე დაყრდნობით უკვე იღებს გადაწყვეტილებას. ის საბოლოო გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ, აქ, რა თქმა უნდა, ჩართული იყო არა მხოლოდ ჩვენი დელეგაცია, არამედ, მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდი. ამ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ ჰქონდა მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, მიმდინარეობდა ისევ ჩვეულებრივად პოლიტიკური შანტაჟი. რა თქმა უნდა, ცნეს ჩვენი უფლებამოსილება, რასაც გულშემატკივრობდა ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორი, რომ ეს არ მომხდარიყო ასე, თუმცა ცნეს გარკვეული დათქმებით, სადაც წითელი ხაზი იყო. ქალბატონმა თეა წულუკიანმა იქ დახურულ შეხვედრებზეც ხშირად ისაუბრა ამ თემებთან დაკავშირებით, რომ ახალი არჩევნები იყო წითელი ხაზი. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ არანაირი ფიზიკური საფუძველი ახალი არჩევნების არ არსებობს, ვინაიდან მტკიცებულებები ვერავინ წარმოადგინა ვერც გაყალბებულ ხმებთან დაკავშირებით, ვერც რაღაც კარუსელთან დაკავშირებით და ა.შ. ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშიც მინდა შევახსენო ჩვენს ტელემაყურებელს.
შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა გუნდმა ერთობლივად მივიღეთ, ვინაიდან გაგვაჩნია ეროვნული თავმოყვარეობა. ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა და ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს სუვერენიტეტს, იმ მილიონ 120 ათასზე მეტ ამომრჩეველს, ვინც ჩვენ მხარი დაგვიჭირა. შეგახსენებთ, ამ არჩევნებში ჩვენ ავიღეთ 54 პროცენტი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.
მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.
უკრაინელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ PACE-ს რეზოლუციას საქართველოს შესახებ უკრაინული დელეგაცია ქართველ ოპოზიციონერებთან ერთად ამზადებდა.