დავით მათიკაშვილი PACE-ზე: ისინი აღიარებენ იმ მანდატებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დელეგაციას აქვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მეორე მხრივ, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას მაშინ, როდესაც არჩევნებს უკვე აღიარებენ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და ქართულ დელეგაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეაფასა.
„ისინი აღიარებენ იმ მანდატებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დელეგაციას აქვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მეორე მხრივ, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას მაშინ, როდესაც არჩევნებს უკვე აღიარებენ. ცალსახაა, რომ ეს არის სურვილი ცალკეული ძალების, დავარქვათ „დიფ სთეითი“, გლობალური ნეგატიური ძალები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოზე საკუთარი მიზნების მისაღწევად და მათი სურვილები აბსოლუტურად არის აცდენილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.
მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.
უკრაინელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ PACE-ს რეზოლუციას საქართველოს შესახებ უკრაინული დელეგაცია ქართველ ოპოზიციონერებთან ერთად ამზადებდა.