გორის მერია “კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამას” 2025 წელსაც ახორციელებს

„გორის მუნიციპალიტეტის მერია “კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამას” 2025 წელსაც ახორციელებს. თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსახლეობას და მოქმედ გაერთიანებებს შეუძლიათ” – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

როგორც აღნიშნულია, პროგრამებში ჩართვის მსურველებმა უნდა მიმართონ გორის მერიას, წარმოადგინონ პროექტი/ინიციატივა და მოითხოვონ თანადაფინანსება.

„2024 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 17 პროექტი, რომლებშიც 2 000-მდე ბენეფიციარი იყო ჩართული.

გასულ წელს, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, მათ შორის შშმ პირებმა, გაიარეს კერამიკის, სუვენირების დამზადების, ტიხრული მინანქრის, ქორეოგრაფიული სამოსის და ხალხური რეწვის შემსწავლელი კურსები. ჩატარდა სამი ფესტივალი – ,,გაზაფხულის ფესტივალი“, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,მაჩაბელი“ და თეატრალური ფესტივალი ,,როტონდა“. გარდა ფესტივალებისა გაიმართა კონცერტებიც – ჯაზ-ბენდი ,,კანუდოსისა“ და გორის ქალთა კამერული გუნდის მონაწილეობით, ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი ,,მაჩაბელი“, გამოიცა წიგნები ,,მხატვრის თვალით დანახული გორი“ და “სპორტული კატალოგი”.

ამავე პროგრამის ფარგლებში გორის ცენტრალურ ქუჩაზე, მრავალსართულიანი სახლის კედელზე შესრულდა მურალი (ერთ მხარეს ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის სახე, მეორე მხარეს ნახატი ,, ქართული სუფრა“). ახალგაზრდებისთვის განხორციელდა პროექტები – ,,სამშობლო განა მარტო ლურჯი მთებია“, ,,აღმოაჩინე არაგვის ხეობა“, ,,ხელოვნება საზღვრებს გარეშე“, ,,ART HAUSE-2024“. პროექტების მიზანი იყო ახალგაზრდების გააქტიურება და გაძლიერება.

“კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის” მიზანია გორის მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა” – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები