ბოლნისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, მერიის თანამშრომლებთან ერთად, სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთო
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს სისხლის უანგარო დონაციის აქცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა და მერიის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს” – ამის შესახებ ნათქვამია ბოლნისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო. გაღებული სისხლით სისხლის დონაციის ბანკის სარეზერვო მარაგი შეივსება. აღსანიშნავია, რომ აქციაში ჩართულ მონაწილეებს სხვადასხვა ტიპის კვლევაც ჩაუტარდათ.
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად თანამშრომლობს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკთან. დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მოეწყო, რომელშიც ჩავერთე. აქციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს მერიის სხვადასხვა სამსახურისა და ორგანიზაციის თანამშრომლებმა. გაღებული სისხლით სისხლის დონაციის ბანკის სარეზერვო მარაგი შეივსება და, ვფიქრობ, ამით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ სისხლის საჭიროების მქონე პაციენტების დასახმარებლად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც უანგაროდ ჩაერთო ამ კეთილშობილურ საქმეში”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა.