გიორგი ვოლსკი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის სტრუქტურა, სადაც პოლიტიკური ინტერესები სჭარბობს პრაგმატულ ხედვებს

,,ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის პოლიტიკური სტრუქტურა, სადაც გარკვეული პოლიტიკური ინტერესები სჭარბობს პრაგმატულ ინტერესებს, ხედვებს, ამ შემთხვევაში, იმძლავრა „ევროპის სახალხო პარტიამ“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მამობილი პარტიაა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობას გამოეთიშა.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილება არ შეწყვეტილა. საქართველო ევროსაბჭოს წევრია, ისე როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრი და თავის ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ის პოლიტიკური სტრუქტურა, ფორმატია, სადაც გარკვეული პოლიტიკური ინტერესები სჭარბობს პრაგმატულ ინტერესებსა და ხედვებს, ამ შემთხვევაში, „ევროპის სახალხო პარტიამ იმძლავრა“. ეს „ნაცმოძრაობის“ მამობილი პარტიაა და ჩვენ ისეთი პირობები დაგვიყენა, რომელიც არანაირად არცერთ ევროპულ სტანდარტს არ პასუხობს. გვეუბნებიან, ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროო, მაშინ როცა ამის არანაირი არგუმენტი არ არსებობს, ასევე გეუბნებიან, რომ საგარეო კურსთან დაკავშირებით სხვაობა გაქვს ევროპის პოლიტიკასთან, როდესაც ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურად და ფიზიკურად არ დავინგრეთ. ეს რეალობაა და ამ რეალობაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მხარემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გამოეთიშა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობას, ვიდრე ეს საქმიანობა არ იქნება მოყვანილი იმ ნორმაში, რასაც ჰქვია თანასწორუფლებიანი ურთიერთობა და არა ზეწოლა, შანტაჟი, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ამ სტრუქტურას ახასიათებს, ისევე როგორც ევროპარლამენტს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები