ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, ქართულ დელეგაციასთან ერთად, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში იმყოფება
„ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, ქართულ დელეგაციასთან ერთად, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში იმყოფება. ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობს იაპონიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ლეჟავა” – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირველი სამუშაო შეხვედრა იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, ტადაჰარუ უეჰარასთან გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს.
“ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იაპონიაში, ტოკიოში პირველი შეხვედრები გავმართეთ. იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, ტადაჰარუ უეჰარასთან განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის სფეროები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივა და იაპონიაში ქართული კულტურის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის შესაძლებლობები.
მადლობას ვუხდი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას ვიზიტის ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის.” – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.