დავით შერაზადიშვილი თეთრიწყაროში კულტურის სახლისა და სპორტ კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

“ქალაქ თეთრიწყაროში კულტურის სახლისა და სპორტ კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს” – ამის შესახებ ინფორმაციას დელეგატის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან, მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი წიკლაურთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

შერაზადიშვილის თქმით, მოხარულია რომ თეთრიწყაროში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება.

„სპორტული და კულტურული ცხოვრება მნიშვნელოვანია ყველა თაობისთვის და მოხარული ვარ, რომ თეთრიწყაროში ამ მიმართულებით ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რაც ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მისი ღირებულება 3 200 000 ლარს შეადგენს.“- აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა

აღსანიშნავია, რომ ახალ შენობას მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება.
პროექტის ფარგლებში შენობის პირველ სართულზე მოეწყობა ტრანსფორმირებადი მოედანი, რომელიც გამოიყენება, როგორც კალათბურთის, ფეხბურთისა და სხვა სპორტული აქტივობებისათვის, ასევე კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად. შენობა მთლიანად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. დაგეგმილია პანდუსებისა და სველი წერტილების მოწყობა, ამავე სართულზე გათვალისწინებულია დამხმარე სათავსოები. მეორე სართულზე განთავსებული იქნება ცეკვის, მუსიკისა და სამუშაო ოთახები, ასევე ბიბლიოთეკა და გამოსაცვლელები.

კომპლექსი გათვალისწინებულია 350 ბენეფიციარზე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ავტოსადგომების მოწყობა, ავტოსადგომი მოეწყობა, როგორც მსუბუქი ავტომობილებისათვის, ასევე ავტობუსებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები