ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია იქნება თუ არ იქნება პარლამენტში, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მათთვის ყველაფერი დამთავრებულია, მაგრამ გრძელდება ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა საფუძველია შექმნილი, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება
დამთავრებულია ყველაფერი რადიკალური ოპოზიციისთვის, მაგრამ გრძელდება ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა საფუძველია შექმნილი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ეკონომიკური, თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის გარეთ იქნებიან თუ შიგნით ამას არავითარი ფასი არ აქვს ქვეყნისთვის, დემოკრატიული სისტემისთვის.
„რეალურად არაფერი არ ხდება, გახსოვთ, რომ წინა შემთხვევაშიც ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა ბოლომდე დარჩნენ დელეგიტიმაციის დღის წესრიგში. არავითარი ფასი, ისინი გარეთ იქნებიან თუ შიგნით იქნებიან, ამას არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, დემოკრატიული სისტემისთვის. არავითარი განსხვავება არ არის, პარლამენტში იქნებიან თუ არ იქნებიან, ამას არ აქვს არც არსებითი და არც არაარსებითი მნიშვნელობა. რაც შეეხება მათ აქციებს, მათ აქციებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ზიანის მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის, თუ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალადობრივი რესურსი. ეს რესურსი 5 დღეში დავუმთავრეთ რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამისად ამ აქციებით ვერავითარ ნეგატიურ გავლენას ისინი ქვეყანაზე ვერ მოახდენენ. ხედავთ, რომ იანვრის დასაწყისიდან მოყოლებული, ისინი დღეში საშუალოდ 500 კაცის მოგროვებასაც ვერ ახერხებენ. არის მხოლოდ დაფინანსებული რესურსი, რაც გროვდება ყოველდღიურად ამ აქციებზე. დაფინანსებულს ვგულისხმობ, რომ ზოგი არის ენჯეოს აქტივისტი, ზოგი პარტიის აქტივისტი და ა.შ. აქა-იქ თუ შეიძლება, გამოერიოს დაუფინანსებელი აქტივისტი ამ აქციებზე. როცა 500 კაცზე მეტს ვერ კრებ აქციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე აქტივი და ხალხი უბრალოდ არ მოდის შენს მიტინგებზე, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ერთი რომ პარლამენტში იქნებიან, არ იქნებიან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამას და მეორე, ქუჩაში როცა ვერ ძალადობენ, ვერავითარ ზიანს ვერ აყენებენ ქვეყანას, ამიტომ დამთავრებულია ყველაფერი რადიკალური ოპოზიციისთვის, მაგრამ გრძელდება ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, ყველა საფუძველია შექმნილი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის განვითარება ეკონომიკური კუთხით თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.