სალომე ზურაბიშვილი – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: მიღებული გადაწყვეტილება დროებითია და წარმოადგენს პოლიტიკურ მკაცრ გაფრთხილებას მმართველი გუნდის მისამართით
მიღებული გადაწყვეტილება დროებითი და პირობითი ხასიათისაა და წარმოადგენს პოლიტიკურ მკაცრ გაფრთხილებას მმართველი გუნდის მისამართით, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას.
„ვულოცავ ყველა იმათ, ვისაც წვლილი მიუძღვნის დარღვევებისა და დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების მოგროვება წარდგენაში. ამ სერიოზულმა ძალისხმევამ განაპირობა საქართველოს ორმაგი გამარჯვება: ერთის მხრივ, საქართველო ჯერ კიდევ რჩება ევროსაბჭოს ასამბლეის წევრი, და მაშასადამე, ქვეყანა უფრო ღრმა იზოლაციაში არ შევიდა, „ოცნების“ მზაკვრული გეგმების მიუხედავად. ამავდროულად, ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლის გათვალისწინებით, მიღებული გადაწყვეტილება დროებითი და პირობითი ხასიათისაა და წარმოადგენს პოლიტიკურ მკაცრ გაფრთხილებას მმართველი გუნდის მისამართით: 3 თვე ეძლევა მას, რათა შესრულდეს ძირითადი მოთხოვნები: პოლიციის ძალადობის აღმოფხვრა, პატიმრების განთავისუფლება და საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნა… „ქართული ოცნებისთვის“ ოცნებების დრო დასრულდა! ხალხის მოთხოვნა კი ევროპულმა საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია! ეს დღე და ეს გამარჯვება ეძღვნება მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს!“, – წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება.