თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოვა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრორუსულად შერაცხილი
ქართული ოცნების მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოვა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრორუსულად შერაცხილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, იმათთვის, ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს ამ ასამბლეაში, რომ ქართული ოცნების მთავრობა და მისი 1 100 000-ზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავს და არავის მისცემს უფლებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს; ქვეყანაში, რომელიც დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. კიდევ გავიმეორებ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოვა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრორუსულად შერაცხილი. „ქართული ოცნების“ მთავრობის შესახებ, რომელიც ამაყობს იმით, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო პენიტენციური სისტემა აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა აქვს ადამიანის უფლებათა სასამართლოში, შესანიშნავი თანამშრომლობა აქვს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან და არაერთ სხვა სექტორში საუკეთესო პარტნიორია, ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატიული რეგრესი აქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ, ზოგიერთს, არ მოგწონთ ქართველი ხალხის თავისუფალი გადაწყვეტილება ქართული ოცნების ხელახლა არჩევის შესახებ“, – აღნიშნა წულუკიანმა.