გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 30 შშმ პირს ეტლი გადაეცა
“გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 30 შშმ პირს ეტლი გადაეცა. დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მომხმარებლების ინდივიდუალური საჭიროებები” – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
„ეტლების გადაცემის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების, ორგანიზაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ რეგიონალური წარმომადგენლები და უცხოელი დონორები ესწრებოდნენ. გორის მუნიციპალიტეტისა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ აქტიური თანამშრომლობის შედეგად 2012 წლიდან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 600-ზე მეტი შშმ პირი იქნა დამხმარე მოწყობილობით უზრუნველყოფილი.
გორის მუნიციპალიტეტის მერია წლებია თანამშრომლობს ორგანიზაციასთან „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“. ბენეფიციართა შორის არიან სხვადასხვა ასაკის ეტლით მოსარგებლე პირები, მათ შორის ბავშვებიც.
ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შიდა ქართლის რეგიონთან 2012 წლიდან თანამშრომლობს. დღემდე, სავარძელ-ეტლებით რეგიონში 800-მდე სპეციალური საჭიროების მქონე პირია უზრუნველყოფილი “ – ნათქვამია ინფორმაციაში.