გურამ გურამიშვილი: 1 მარტიდან ავტოსადგურებს დაევალებათ, რეისში არ გაუშვან მძღოლი, რომელსაც არ აქვს გავლილი წელიწადში ერთხელ სამედიცინო შემოწმება, არ აქვს ცნობა ნასამართლობის შესახებ ან მისი ავტომობილი გაუმართავია

„2025 წლის 1 მარტიდან ავტოსადგურებს დაევალებათ, რეისში არ გაუშვან ის ავტომობილი, რომლის მძღოლს არ აქვს გავლილი მინიმუმ წელიწადში ერთხელ, წინასწარი სამედიცინო შემოწმება, არ აქვს წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ ან მისი ავტომობილი არის გაუმართავი,” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ავტოსადგურის მიერ სერტიფიკატის ფლობის ვალდებულება ძალაში 2025 წლის პირველი ივნისიდან შევა.

„ქვეყანაში მიმდინარეობს საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა. დაიწყო პარლამენტის მიერ 2023 წელს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღების შემდეგ. 2024 წლის პირველ მაისს კი გამოიცა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი, „ტექნიკური რეგლამენტი 442“. აქტში შესული ცვლილებებით დადგინდა ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ ავტოსადგურები და მათ შორის, გადამზიდველებიც, იმის მიხედვით, თუ რომელ კლასს მიეკუთვნება ეს ავტოსადგური და არის შესაბამისი მოცულობის ტექნიკური ინფრასტრუქტურული მოთხოვნები. აუცილებელია, რომ სერტიფიკატის მიღებისთვის ავტოსადგურს ჰქონდეს ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ერთი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ნებართვა, რომელიც გულისხმობს, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე უნდა იყოს განთავსებული ავტოსადგური და მეორე, აუცილებელია, რომ ავტოსადგური აკმაყოფილებდეს ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს.

გარდა ამისა, ამ ცვლილებებით დადგინდა გარდამავალი პერიოდიც, რომელიც საშუალებას აძლევდა ავტოსადგურებს მომზადებულიყვნენ ამ თარიღისთვის. ავტოსადგურის მიერ სერტიფიკატის ფლობის ვალდებულება შევა ძალაში 2025 წლის პირველი ივნისიდან, მაგრამ მანამდე 2025 წლის 1 მარტიდან ავტოსადგურებს ევალებათ, რეისში არ გაუშვან ის ავტომობილი, რომლის მძღოლს არ აქვს გავლილი მინიმუმ წელიწადში ერთხელ, წინასწარი სამედიცინო შემოწმება, არ აქვს წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ ან მისი ავტომობილი არის გაუმართავი“, – განმარტა გურამიშვილმა.

მისივე თქმით, ავტომობილების მოწყობის ვალდებულება ექნება ყველა იმ მუნიციპალიტეტს, ქალაქსა თუ დაბას, საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანა.

გურამიშვილმა ისაუბრა „აწარმოე საქართველოსთვის“ როლზეც ამ პროექტთან დაკავშირებით.

„იმ ავტოსადგურის მფლობელს, რომელსაც რემონტის ან ახლის აშენების მიზნით სჭირდება სესხი, „აწარმოე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში შესაბამისი პირობებით და პროცედურით შეუძლია ისარგებლოს თანადაფინანსებით. ასევე, ამის გარდა არის მეორე პროდუქტი, რომელიც გულისხმობს სასესხო გარანტიას მთლიანი სესხის მოცულობის 80%-ის ოდენობით“, – აღნიშნა გურამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები