გიორგი ალადაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო
„კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ვაქირში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო“ – ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთვის შენობის შიდა კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, დასასრულს უახლოვდება ეზოს კეთილმოწყობა. ნაწილობრივ დამონტაჟებულია გასართობი ატრაქციონები.
„აღნიშნული საბავშვო ბაღი გათვლილია 100 აღსაზრდელზე და პროექტის დასრულების შემდგომ ჩვენს პატარა აღსაზრდელებს საშუალება ექნებათ, განათლება მიიღონ კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში. აღნიშნული საბავშვო ბაღი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და მისი დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის თებერვლის თვეში”, – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.