ლევან მგალობლიშვილი ზუგდიდში, აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა
„ლევან მგალობლიშვილი ზუგდიდში, აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა, სადაც განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა“ – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს სრულფასოვანი განათლების მისაღებად საჭირო ყველა აუცილებელი პირობა ჰქონდეთ შექმნილი.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, სრულფასოვანი განათლების მისაღებად საჭირო ყველა აუცილებელი პირობა ჰქონდეთ შექმნილი და მათი განათლების ხარისხი სრულად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ამიტომ, მიმდინარე წელს, ამ მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი“, – აცხადებს მგალობლიშვილი.
შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედ აფხაზეთის საჯარო სკოლებში არსებულ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგის საქმიანობა კიდევ უფრო მეტად დაფასებული გახდეს.
„მინდა, თითოეულ თქვენგანს, მადლობა გადაგიხადოთ უანგაროდ გაწეული შრომისთვის და მიმაჩნია, რომ პედაგოგის საქმიანობა უფრო მეტად დაფასებული უნდა იყოს, რადგან უდიდესია თქვენი წვლილი ჩვენი ქვეყნისთვის, ღირსეული მომავალი თაობების აღზრდისა და განვითარების საქმეში“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.