„ოპოზიციის უკვე მათ მომხრეებსაც აღარ სჯერათ, ვინაიდან ისეთი ზღაპრები, რაც მათ ატრიალეს უკარგავს ნდობას თავიანთ ამომრჩეველშიც კი“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მიჰყვებოდა „მაკკეინის ინსტიტუტის“ გაიდლაინს, რომ რამენაირად აქციები სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაეყვანათ.
„ოპოზიციას არანაირი გეგმა არ გააჩნია. ისინი მიჰყვებოდნენ, რა თქმა უნდა, „მაკკეინის ინსტიტუტის“ გაიდლაინს, რომ აქციები რამენაირად გადაეყვანათ სამოქალაქო დაპირისპირებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვიდათ. მანამდე ისინი გადაამზადა კანვასის ორგანიზაციამ, მანამდე აკერმანმა და ა.შ., თუმცა არაფერი არ გამოსდით, ვინაიდან მათი არავის არ სჯერა. ფაქტობრივად, მათ მომხრეებსაც არ სჯერათ, ვინაიდან ის 400 ათასი გაყალბებული ხმა და ისეთი ზღაპრები, რაც მათ ატრიალეს უკარგავს, რა თქმა უნდა, ნდობას თავიანთ ამომრჩეველშიც. შესაბამისად, არიან გეგმის გარეშე და ერთადერთი მათი სურვილია, რომ იყოს მსხვერპლი, რაღაცნაირად სიტუაცია საქართველოში აირიოს, საქართველოს შეექმნას ეკონომიკური პრობლემები, ყველანაირი მავნებლური გეგმა და მავნებლური სცენარი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.