მაია ომიაძე მადრიდში, საერთაშორისო მედია და ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებს შეხვდა

„მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის, FITUR-2025-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმსხვილესი ავიაკომპანიების, საერთაშორისო მარკეტინგული, დაჯავშნისა და ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრებზე საქართველოს პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს“ – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„4 დღის განმავლობაში, მადრიდში, FITUR-2025-ზე საქართველო წარმოდგენილი იყო ეროვნული სტენდით, კერძო კომპანიებთან ერთად. გვქონდა აქტიური შეხვედრები საერთაშორისო მედია პლატფორმებთან, მომავალი წლის და წლევანდელი ერთობლივი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ”,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის დასრულების შემდეგ საქართველოს დელეგაცია ესპანეთის დედაქალაქში, მსოფლიოში ყველაზე დიდ გასტრო კონგრესში Madrid fusión 2025 მიიღებს მონაწილეობას.

“გამოფენის დასრულების შემდეგ საქართველო მადრიდში უკვე გასტრონომიულ კონგრესზე წარდგება, სადაც ქართველი შეფ-მზარეულები ქართულ კულინარიას გააცნობენ მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ სტუმრებს. ვფიქრობ საქართველოსთვის წარმატებული ფესტივალი იქნება, ისევე როგორც შარშან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა აღნიშნულ ფესტივალს და წელსაც საქართველო ღირსეულად წარდგება ქართული გასტრონომიით“,-აცხადებს მაია ომიაძემ.
FITUR-2025-ზე, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, თანამშრომლობის მიზნით შეხვედრები გამართა შემდეგ კომპანიებთან: British Airways, Expedia, Bloomberg, Thinkstrawberies, Epic Road Rides, Paramaunt, Edreams odiego, Comunica por Cuatro და სხვა.

„ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ განვიხილეთ თუ რა კუთხით უნდა ვიმუშაოთ, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდას გლობალურად. მიმოვიხილეთ წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები და ველოდებით თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე გადასვლას“,-აცხადებს Expedia-ს ბიზნესის განვითარების უფროსი მენეჯერი ლორანიო სანჩესი.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან 2025 წლის მარკეტინგული პროექტების გეგმა განვიხილეთ. ჩვენ წლებია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მედია პარტნიორი ვართ, ახლა ვიკვლევთ თუ როგორ შეიძლება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ჩვენება ამ წელს“,-განაცხადა Bloomberg-ის წარმომადგენელმა დევიდ მინმა.

მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, B2B ფორმატის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებმა უცხოელ კოლეგებთან.

„აშკარად გაამართლა მოლოდინმა, მზარდია ინტერესი, ძალიან საინტერესო შეხვედრები შედგა, დიდი დაინტერესება იყო ესპანეთიდან, გამოვარჩევდი ლათინური ამერიკის ქვეყნებსაც, ასევე მაროკოს და ისრაელს. ბევრი დაინტერესებული პირი ეწვია ჩვენს სტენდს“,-ამბობს კავკაზუს თრეველის წარმომადგენელი ეკა ბერძენიშვილი.

„დასასრულს მიუახლოვდა მადრიდის გამოფენა, ძალიან საინტერესო შეხვედრები შედგა, ძალიან დატვირთული გამოფენა იყო 4 დღის განმავლობაში. ინტერესი იყო ძალიან მაღალი არამხოლოდ ესპანეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. ნამდვილად გაამართლა იმედები და დარწმუნებული ვარ ბევრი ტურისტი ეწვევა საქართველოს“,-აცხადებს ომნეს ტურის წარმომადგენელი სოფო ზურიაშვილი.

ცნობისთვის, FITUR-2025-ზე 152 ქვეყანა, 10 ათასამდე კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. მადრიდის ტურისტულ გამოფენას 153 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები