ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საერთაშორისო ზამთრის სკოლა გაიხსნა, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს მიეძღვნა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) გამართულ საერთაშორისო სეზონური (ზამთრის) სკოლის (International Excellence School (IES) გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ზამთრის სკოლის აკადემიურ სივრცეში მოწვეული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტები ისაუბრებენ ინტელექტუალური საკუთრების არსებით როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე, ჩატარდება სემინარები და სხვადასხვა სახის პრაქტიკული სწავლებები.

საქპატენტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და უმაღლეს განათლებაში ინტელექტუალური საკუთრების როლის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ინტელექტუალური საკუთრების პოპულარიზაციას, მისი ობიექტების მიმართ ინტერესის გაღვივებასა და დაცვის მნიშვნელობის გააზრებას. საქპატენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ეკონომიკასა და მეცნიერებაში ინტელექტუალური საკუთრების როლის, კერძოდ, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შესახებ. თუ რა როლი აქვს ინტელექტუალურ საკუთრებას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და როგორ ხდება არამატერიალური აქტივების შექმნა და აკუმულირება განათლების, მეცნიერების, მრეწველობისა და ინდუსტრიის სფეროებში. სოსო გიორგაძემ ხაზი გაუსვა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლს და აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ზოგადად ინტელექტუალური საკუთრების, კერძოდ კი საგამომგონებლო სფეროს განვითარებაზე

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავა, აგრეთვე, KIU-ს რექტორი გიორგი ხუბუა, „ინოვაციის ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ სანიკიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი ტატიანა ფუმასოლი.

სოსო გიორგაძემ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების სწავლების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის საქართველოში დანერგვის შესახებ. მენეჯმენტისა და ადმინისტრირების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ უკვე დამტკიცებულია დარგობრივი მახასიათებლების პროექტი. საქპატენტისა და KIU-ს ინიციატივით, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მაგისტრატურის საფეხურზე დაემატება სწავლების ახალი სფერო – „ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტი“. სამმხრივი მემორანდუმის გაფორმება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას (WIPO), საქპატენტსა და KIU-ს შორის მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ხოლო უშუალოდ სამაგისტრო პროგრამის ამოქმედება კი შემოდგომიდან იგეგმება.

სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის WIPO-ს აკადემია მსოფლიოს მასშტაბით, პრესტიჟულ უნივერსიტეტებთან ერთად, 20-მდე ანალოგიურ ერთობლივ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სეზონური სკოლა დღეს დაიწყო და 26 იანვრამდე გაგრძელდება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აღნიშნულ ღონისძიებას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მასპინძლობს. საერთაშორისო სკოლა იმართება პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი საქართველო I2Q (IBRD)“ ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკის (IBRD-IDA – მსოფლიო ბანკის ჯგუფი) და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და დახმარებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები