საქართველოს დაცული ტერიტორიების ცნობადობა იზრდება
მიმდინარე პერიოდში, პოპულარულ სოციალურ ქსელებსა და სატელევიზიო არხებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ეროვნული პარკების შესახებ სხვადასხვა სტატიის და პუბლიკაციის რაოდენობა ჩინეთის ბაზარზე. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ვრცელი სტატია ასევე დაიბეჭდა ჟურნალში, რომელიც Eastern China Airlines-ის ბორტზე განთავსდა. აღნიშნული ავიახაზებით ყოველწლიურად 100 მლნ-ზე მეტი მგზავრი სარგებლობს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული პარკების მიმართ გაზრდილი ინტერესი ჩინეთის ბაზარზე, 2024 წლის სექტემბერში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, ჩინეთის ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ორგანიზებული ხუთდღიანი მედიატურის შედეგია. ასევე, გასულ წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ორჯერ მიიღო მონაწილეობა ჩინეთის ტურისტულ გამოფენაში, რაც დადებითად აისახება დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და ცნობადობის ზრდაზე.
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, საიდანაც ტურისტების რაოდენობა, რომლებიც დაცულ ტერიტორიებს სტუმრობენ, მუდმივად მზარდია.