ირაკლი ზარქუა: ჩვენ მზად ვართ გადავტვირთოთ ურთიერთობები და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს „დიფ სთეითს“
ჩვენ მზად ვართ გადავტვირთოთ ურთიერთობები და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს „დიფ სთეითს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა ინაუგურაციის დროს სწორედ ის მესიჯები გააჟღერა, რაც „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ჰქონდა.
„ტრამპის ის მესიჯები, რაც იქ ითქვა, ზუსტად იგივე მესიჯებს წალენჯიხაში ჩემს ამომრჩეველს ვუყვებოდი. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია. ჩემს მოქალაქეებს ვეუბნებოდი, რომ ოჯახური ღირებულებები არის უწინარესი. რომ სქესი არსებობს ორი. რომ სახელმწიფო ინტერესები არის უწინარესი. ეს არის ჩვენი რელიგია, ეკლესია, მართლმადიდებლობა, ტრადიციები, ადათ-წესების პატივისცემა. მაგრამ გაგვაოცა ტრამპმა. კიდევ უფრო შორს წავიდა და დაამატა, რომ ამ უსამშობლოებს, „ენჯეოშნიკებს“ შეუწყვიტა დაფინანსება.
ეს ერთი და მეორე, რომ დაგვცინოდნენ „გლობალური ომის პარტია“, „დიფ სთეითი“ დაარქვა, ჩრდილოვანი კაბინეტი, ზუსტად იმავეს ებრძვის ტრამპიც“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, ტრამპმა უკვე დაიწყო „დიფ სთეითთან“ ბრძოლა და იმ ადამიანებთან, ვისაც სხვა ქვეყნების დაჩაგვრა სურდა.
„ჩვენი პრობლემა რა იყო, რაზე გვაწვებოდნენ, გინდა თუ არა მეორე ფრონტი გაგვეხსნა. ჩვენ ამას ხელი არ მოვაწერეთ და სიცოცხლეები გადავარჩინეთ და ჩვენი ქვეყანა გადავარჩინეთ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.