როგორ ვმართოთ გრიპის ვირუსი სახლის პირობებში და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს – ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განმარტება

როგორ შეიძლება გრიპის მართვა სახლის  პირობებში, ინფიცირების შემთხვევაში რას უნდა მიაქციოს ყურადღება პაციენტმა და როდის უნდა მიმართოს ექიმს, როგორ დავიცვათ თავი გრიპის ვირუსისგან – ამ საკითხებთან დაკავშირებით ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში  გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“გრიპს უფრო მეტი გართულება აქვს, ვიდრე სხვა რესპირაციულ ინფექციებს. თუ ეს დაავადება შეგვხვდა, აუცილებელია, გარკვეული ღონისძიებები იქნეს გატარებული. გრიპს,   როგორც წესი, მწვავე დასაწყისი, აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს, მაღალი ტემპერატურით იწყება, ამას შეიძლება,  ახლდეს სახსრების, კუნთების ტკივილი, ზოგადი ინტოქსიკაცია, შემდეგ მოდის ყელის ტკივილი, მშრალი ხველა.

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის: განსაკუთრებით რისკჯგუფებში გრიპს შეიძლება, გართულებები ჰქონდეს, თუნდაც,  პირველივე დღეებში. რისკჯგუფში შედიან: ასაკოვანი (60 წელს ზემოთ) ადამიანები,  ქრონიკული დაავადებების (ვთქვათ, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია, სასუნთქი სისტემის პათოლოგია, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა) მქონე ადამიანები,  მცირეწლოვანი ბავშვები, ორსულები.  სტაციონარში განსაკუთრებით ამ კონტინგენტის მიმართვიანობა ხდება, რადგან მათ დაავადების მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკი აქვთ. მათთვის დაავადების დროული დიაგნოსტირება  ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული მედიკამენტი არსებობს, მას დანიშვნის თავის ჩვენება აქვს, ამ მედიკამენტის პირველ დღეებში გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტინგენტისთვის, ვისაც დამძიმების მაღალი რისკი აქვს.

ძირითადად, ჯანმრთელ პოპულაციაში, ადამიანებში, ვისაც ქრონიკული დაავადებები არ აქვთ, გრიპი შეიძლება, ბინაზე იმართოს, ისე რომ, არანაირი გართულება არ ჰქონდეს. აქცენტი იმაზე უნდა გავაკეთოთ, რომ რისკჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართონ, შესაბამისი კვლევები ჩაიტარონ, შემდეგ კი მკურნალობა, თუ საჭიროა.

თუ ნებისმიერ ჩვენგანს მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდა, რაც  გრიპს ახასიათებს, ვხედავთ, რომ ეს სიმპტომები 3-4 დღეზე მეტ ხანს ხანგრძლივდება, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი, ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება –  ეს სიმპტომები თუ დაგვერთო,  ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო დაწესებულებას მივმართოთ”- განაცხადა გოგინავამ.

მისი თქმით, გრიპით ავადობის დროს აუცილებელია სიმპტომური მკურნალობა, სითხის ადეკვატური მიღება, სერიოზული ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება, ოთახის ხშირი განიავება.

“მიუხედავად იმისა, რომ გრიპი მძიმე რესპირაციული ინფექციაა, 90%-ში მისი მართვა მაინც ბინაზე ხდება, ხოლმე. ვგულისხმობ არა რისკჯგუფში შემავალ ადამიანებს, ვისაც დამძიმების მაღალი რისკი არ აქვთ. როგორ უნდა ვმართოთ: ყველა რესპირაციული ინფექცია, ძირითადად, მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება, აუცილებელია სიმპტომური მკურნალობა, სითხის ადეკვატური მიღება, სერიოზული ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება, ოთახის ხშირი განიავება, იმ სივრცის ჟანგბადით გამდიდრება სადაც ვიმყოფებით. თუ ტემპერატურა მაღალია, 38 გრადუსი და მეტია, მის მართვას ბინაზე ვერ ვახერხებთ, თუ  ვიღებთ სიცხის დამწევს და მას არ ემორჩილება, ასეთ დროს ექიმს უნდა მივმართოთ. თუ არადა, სახლის პირობებში იმ ინტენსივობით, დოზირებით, როგორც მოწოდებულია, სიცხის დამწევები უნდა მივიღოთ. თუ გვაქვს მაღალი ტემპერატურა, მივიღოთ კალორიული საკვები, ვეცადოთ, ნაკლებად სტრესულ სიტუაციაში ვიყოთ”- განაცხადა გოგინავამ.

მისივე თქმით, მთავარი პრევენციული ღონისძიება, რაც გრიპის საწინააღმდეგოდ არსებობს, ვაქცინაციაა.

“ზოგადი პრევენციის ღონისძიებები, რაც აუცილებელია: ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, სივრცეების განიავება, ზედაპირების დამუშავება, ჩვენი თვითშეგნება, რომ თუ სიმპტომები (ტემპერატურა, მშრალი ხველა, ყელის ტკივილი) აღგვენიშნება, სხვა ადამიანებთან კონტაქტი შევზღუდოთ, თუ ვერ ვზღუდავთ, პირბადე გამოვიყენოთ. მთავარი პრევენციული ღონისძიება, რაც გრიპის საწინააღმდეგოდ არსებობს, ვაქცინაციაა. ვაქცინაცია ამცირებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას, რისკებს და დაავადების გავრცელებასაც ხელს უშლის” – განაცხადა გოგინავამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები