ლევან მაჭავარიანი: “ლელო” მძიმე მდგომარეობაშია, ახლა რაღაც ჩანაწერი “გამოაგდეს” და ამტკიცებენ, რომ მოსყიდვის ფაქტი იყო და თურმე, “ლელოში” ისეთი წევრები არიან, რომლებიც ადვილად იყიდებიან – კარგია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და მხილებული იქნება ეს სპექტაკლიც, რაც “ლელომ” შესთავაზა ჩვენს საზოგადოებას

“ლელო” ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, საზოგადოებას შევახსენებ, რომ მათ, გახარიას პარტიასთან ერთად, ნახევარი საქართველო ფიზიკურად ვერ დააკომპლექტეს მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატებით. შემდეგ, მათ პარტიას ტოვებენ სხვადასხვა წევრები – “ლელოს” შემთხვევაში, პირველი იყო საბა ბუაძე, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდათ, მას მიჰყვა ათეულობით ადამიანი, ბოლნისის მერობის კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, სუს-ს და ბატონ მდინარაძეს აბრალებდნენ, გამოვიდა ის კაცი და თქვა, რომ არ მინდა, ასოცირებული ვიყო “ლელოსთანო”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა.

მისი თქმით, “ლელომ” აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომლითაც ამტკიცებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მათი კანდიდატი მოისყიდა, თუმცა, კარგია, რომ პროკურატურა ამ საკითხით დაინტერესდა და “ლელოს” მიერ დადგმულ სპექტაკლს გამოძიება ამხელს.

მაჭავარიანი აღნიშნავს იმასაც, რომ “ლელომ” და გახარიას პარტიამ ერთად, ნახევარი საქართველოც კი ვერ დააკომპლექტეს კანდიდატებით, ხოლო, პარტიაში არსებულ პრობლემებზე მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ მიიღო “ლელოს” დატოვების გადაწყვეტილება.

“ახლა რაღაც ჩანაწერი გამოაგდეს და მტკიცებით ფორმაში ამბობენ, რომ მოსყიდვის ფაქტი იყო და თურმე, “ლელოში” ისეთი წევრები არიან, რომლებიც ძალიან ადვილად იყიდებიან. ეს შეიძლება დადასტურდეს კიდევაც, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამაში “ქართული ოცნების” ხელი ნამდვილად არ ურევია. კარგია, რომ პროკურატურა დაინტერესდა ამ საკითხით, დაიწყო გამოძიება და რა თქმა უნდა, მხილებული იქნება ეს სპექტაკლიც, რაც “ლელომ” შესთავაზა ჩვენს საზოგადოებას.
ყველაფერი იმაზე მეტყეველბს, როგორც ბოლნისის მერის კანდიდატურის შემთხვევა იყო, რომ ეს ადამიანები თვითონ ტოვებენ ამ პარტიას, ძალიან დისკრედიტირებულია “ლელო”, ისევე როგორც გახარიას პარტია. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ ამ ორმა პარტიამ ერთად, ფაქტობრივად ნახევარი საქართველო ვერ დააკომპლექტეს კანდიდატებით და რა უკვირთ არ ვიცი. როდესაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, საბა ბუაძე იყო იმის ავანგარდში, როდესაც პარტიის დატოვება დაიწყეს წევრებმა, მაშინ უნდა ეფიქრათ, თუ რამხელა პრობლემის წინაშე დგას ეს პარტია,” – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, კოალიციამ „ლელო – ძლიერი საქართველო“ აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რითაც მათივე ინფორმაციით, დასტურდება კოალიციის ერთ-ერთ მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობა, „რის გამოც მან კანდიდატურა მოხსნა“. საქართველოს პროკურატურამ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები