უნგრეთის ქალაქ ესტერგომში, მარია ვალერიას ხიდის 130 წლის იუბილეზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის პოლიტიკა გააკრიტიკეს.
ფიცომ განაცხადა, რომ სუვერენულ ქვეყნებს თავად უნდა ჰქონდეთ უფლება, განსაზღვრონ საკუთარი ენერგეტიკული პოლიტიკა და არ უნდა მიიღონ მითითებები ევროკავშირისგან. მისი თქმით, რუსეთის ნავთობისა და გაზის იმპორტის შეწყვეტა არა მხოლოდ უნგრეთსა და სლოვაკეთს, არამედ მთელ ევროკავშირს დააზარალებს.
ორბანმა ევროკავშირის პოლიტიკა იმპერიების ქმედებებს შეადარა და აღნიშნა, რომ როდესაც ბრიუსელი მშვიდობაზე საუბრობს, სინამდვილეში ომის წახალისებას გულისხმობს. მისი თქმით, ევროკავშირი ახლა უკვე “ომის პროექტად” იქცა.
ორივე ლიდერმა აღნიშნა, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი რჩებიან ერთადერთ ქვეყნებად ევროპაში, რომლებიც, უკრაინის ომის მიუხედავად, რუსეთის ნავთობისა და გაზის იმპორტს აგრძელებენ.
ცნობისთვის, მარია ვალერიას ხიდი, რომელიც უნგრეთის ესტერგომსა და სლოვაკეთის შტუროვოს აკავშირებს, ორ ქვეყანას შორის ისტორიული და კულტურული კავშირის სიმბოლოს წარმოადგენს.