ზაზა შათირიშვილი – Julius Baer-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაბრკოლებების შექმნაზე: ეს პრობლემები ხელოვნურად არის შექმნილი და სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა
“ეს პრობლემები ხელოვნურად არის შექმნილი და სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა”, – ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი წერილში წერს, რომლითაც ბანკ Julius Baer-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაბრკოლებების შექმნას ეხმაურება.
„ბოლო რამდენიმე დღეა, საზოგადოებას ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მხრიდან პროაქტიურად მიეწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემის კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშე, Julius Baer-ი კლიენტს პოლიტიკური ნიშნით უქმნის პრობლემებს. დიახ, თამამად და მტკიცებით ვამბობ, რომ ეს პრობლემები ხელოვნურად არის შექმნილი და სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მოვლენათა ქრონოლოგია სწორედ ამას ადასტურებს.
ბანკი, რომელიც კეთილსინდისიერ კლიენტს გარკვეული პერიოდის განმავლობაში უხარვეზოდ ემსახურებოდა, ქცევის ცვლილებას იწყებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი, დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და „გლობალური ომის პარტიას“ ანტიქართულ და ანტიევროპულ ქმედებებში ამხელს. პრობლემებიც სწორედ ამის შემდეგ იწყება. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ „საბანკო პრობლემებს“ უკვე მედიის შეზღუდვა ემატება.
ადვოკატ ლაშა კალანდაძის განცხადებით, მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ სხვადასხვა ევროპულ მედიასივრცეში გაშუქებულიყო მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით მომზადებული საინფორმაციო მასალა, თუმცა, უკლებლივ ყველა მედიასაშუალებამ მასალის გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა. კიდევ უფრო სასაცილო და კომიკურია მიზეზი – ადვოკატებს შემოუთვალეს, რომ რადგან ჯერ სასამართლო პროცესები არ დაწყებულა, ისინი თავს შეიკავებენ ბანკსა და კლიენტს შორის წარმოქმნილი დავის დეტალების განხილვაზე.
უცნაურია არა? წესით, მედია სწორედ ექსკლუზიური ინფორმაციის მოპოვებით უნდა იყოს დაინტერესებული, რათა სხვაზე ადრე გაავრცელოს ამა თუ იმ საქმეზე საინტერესო დეტალები, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით აღმოჩნდა – ერთი ხელით მართულმა უკლებლივ ყველა ევროპულმა და სხვა საერთაშორისო მედიაგამოცემამ ერთი ხელის მოსმით დაბლოკა ინფორმაცია. პრინციპში, გასაკვირი და ახალი ამაში არაფერია – ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ კონკრეტულად ამ ქვეყანაში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების უდიდეს ნაწილში მედია, პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი, ევროპარლამენტი…
ყველაფერი გლობალური ომის პარტიის კონტროლის ქვეშ არის. და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს შეფასება გადაჭარბებულია, ან ევროპული მედიის ტოტალური კონტროლი ვინმეს ილუზიაა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია სცადოს ფაქტებსა და ქრონოლოგიაზე დაყრდნობით შედგენილი სტატიის გამოცემა…
Julius Baer-ის მავნებლობისა და კლიენტისადმი კრიმინალური მოპყრობის საკითხზე, შვეიცარიის მედიის კოორდინირებულმა ბლოკადამ, ალბათ, საზოგადოებას კიდევ ერთი შვეიცარიის ბანკის, Credit Suisse-ის საქმე გაახსენა, რომელიც ჯერ ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველა სასამართლო დავა წააგეს, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს, რაც ჩანასახშივე სწორედ ასე იყო განზრახული. რადგან ხსენებული ამბიდან საკმაო დრო გავიდა, მცირედით შეგახსენებთ საინტერესო დეტალებს, რაც Julius Baer-ის შემთხვევასთან იდენტური პარალელების გავლების საშუალებას მოგვცემს.
როდესაც Credit Suisse-სთან ბიძინა ივანიშვილმა სამართლებრივი დავა წამოიწყო, თავშივე გამოიკვეთა ერთი კონკრეტული დამნაშავე, პატრიკ ლესკადრონი. თავდაპირველად, ადვოკატები მარწმუნებლის მითითებით, წინასწარ შერჩეული სტრატეგიის თანახმად ინფორმაციას სწორედ ამ კონკრეტულ პირზე ავრცელებდნენ, სტატიები იბეჭდებოდა და იბეჭდებოდა ნებისმიერი სიხშირით, ნებისმიერი რაოდენობით და ნებისმიერ ევროპულ გამოცემაში.
ერთი კაცის – ლესკადრონის დამნაშავედ გამოცხადება ბანკის აგენტურულ მენეჯმენტს და მათ პატრონებს ძალიან აწყობდათ და ხელსაც კი უწყობდნენ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს საინფორმაციო პროცესის წარმოებაში. ხოლო როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, წინასწარ შემუშავებული სტრატეგიის თანახმად გადაწყვიტა, რომ დრო იყო საზოგადოებას რეალური სურათი ენახა – იმ მომენტიდან ევროპის ყველა მედიასაშუალებამ შეწყვიტა სტატიების გამოქვეყნება.
ახლა რაც შეეხება რეალურ სურათს – დღეს უკვე ბავშვმაც კი იცის, რომ გლობალური ომის პარტიას დაგეგმილი ჰქონდა ორი რამ: შვეიცარიის საბანკო სისტემის ჩამოშლა ყველაზე დიდი ბანკის განადგურებით და ბიძინა ივანიშვილისათვის ხელოვნური პრობლემების შექმნა. სწორედ მაშინ, როდესაც ბანკის მენეჯმენტის მხილების დრო დადგა, როდესაც მთავარი სათქმელი უნდა გაეგო საზოგადოებას, რომ კლიენტი არა ლესკადრონმა, არამედ ბანკის მენეჯმენტმა გაძარცვა ზემოთქმული ორი მიზნის მისაღწევად, კონტროლირებადი ევროპული მედია მყისვე ჩაიკეტა ბიძინა ივანიშვილისათვის. ლესკადრონს რაც შეეხება, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ის ტყეში, ხეზე ყულფში თავგაყრილი იპოვეს, ეს ამბავი თვითმკვლელობად გამოაცხადეს.
ახალი და ძველი ამბების მიმოხილვის შემდეგ, შესაძლოა ვინმეს გაუჩნდეს გონივრული კითხვა, თუ ამხელა ძალა აკონტროლებს ევროპას, ევროპარლამენტს, ევროპულ მედიას, პოლიტიკას, ბიზნესს, ბანკებს და ყველა სფეროს, როგორღა უნდა ვებრძოლოთ მათ?! დიახ, სწორედ ასეა, სწორედ გლობალური ომის პარტია აკონტროლებს დღეს თითქმის მთელს ევროპას, უნგრეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით. აკონტროლებს ყველა სფეროს, მაგრამ მთავარი აქ კონტროლი არ არის. აკონტროლებს მხოლოდ იმიტომ, რომ აომოს, დაასუსტოს, გაანადგუროს, რეპუტაცია შეულახოს და მიწასთან გაასწოროს. ეს არის სწორედ გლობალური ომის პარტიის ხელწერა.
შვეიცარია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა იყო საბანკო სისტემის მოქნილობით და ავტორიტეტით, დღეს ამ კუთხით, ფაქტობრივად აღარ არსებობს. Credit Suisse ბაზრიდან საერთოდ გააქრეს, ხოლო როგორც იკვეთება, ამ ეტაპზე Julius Baer – ის განადგურება მათ გეგმებში არ შედის, რისი დასტურიც ბანკის მხრიდან კრიმინალური საქმიანობის შესახებ ადგილობრივ მედიაში ინფორმაციის სრულად დაბლოკვაა. შევხედოთ რა უქნეს გერმანიას – ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში ავტოწარმოების გიგანტი იყო და მისი ეკონომიკა მეტწილად სწორედ ამ სფეროზე იყო დამოკიდებული, დღეს ეკონომიკურ რეცესიაშია, ხოლო გიგანტური ავტომწარმოებლების უმეტესობა ან გაკოტრდა, ან ამერიკაში გადავიდა. უმძიმეს ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მდგომარეობაშია საფრანგეთი, სადაც მიგრანტების ხელოვნურად მოწყობილმა უკონტროლო შედინებამ ქვეყანა სრულ ქაოსში გახვია. ადგილობრივი მცხოვრებლები ქვეყნიდან გარბიან, ხოლო ქალაქებს მიგრანტები იკავებენ, ბიზნესებს აკონტროლებენ და უახლოეს რამდენიმე წელიწადში, პროპორციულად ეთნიკურ ფრანგებზე უფრო მეტნი იქნებიან.
აღარ გავაგრძელებ სხვა ქვეყნების მდგომარეობის განხილვას, რადგან საერთაშორისო მედიის სრული კონტროლის მიუხედავად, საზოგადოების პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა მაინც ხერხდება და ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები ახერხებენ სრული სურათის წარმოჩენას.
სწორედ ამიტომ, მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ როგორ ვებრძვით ამხელა ძალას – მარტივია: ჩვენ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენ წინაშე არ არის არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. არჩევანი არის სუვერენიტეტის დაცვას, ბრძოლასა და განადგურებას შორის. დღეს რომ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება არ მართავდეს ქვეყანას, დღეს რომ აქ სააკაშვილ/ბოკერიების კოჰორტა იყოს სათავეში, ქვეყანა აღარ გვექნებოდა, ჩვენი სახლების ადგილებზე კი ნანგრევები იქნებოდა, ზუსტად ისეთი, როგორიც არის ბუჩაში, ირპენში, ბახმუტსა და უკრაინის სხვა ქალაქებში…”, – წერს ზაზა შათირიშვილი.