რობერტ ფიცო: სლოვაკეთის ტერიტორიაზე იმყოფება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს მოვლენებში, ასევე, უკრაინის „მაიდანში“ და ამზადებს გადატრიალებას სლოვაკეთში
სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს მოვლენებში, ასევე უკრაინის „მაიდანში“ და ამზადებს გადატრიალებას სლოვაკეთში, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარეობს აღნიშნული ჯგუფის მონიტორინგი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გეგმაშია მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დასრულება სამთავრობო შენობების ოკუპირებით, როგორიცაა სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭო, ან პრეზიდენტის სასახლე.
ფიცოს განცხადებით, აშკარაა, რომ ქვეყნის ოპოზიციას არ სურს სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციაში ჩაბმა.
„ნორმალურ დემოკრატიულ, კანონიერ სახელმწიფოში უსაფრთხოების ძალები ჩაერევიან, რადგან ეს არის კანონის დარღვევა, ზოგიერთ შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დარღვევა“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატივს სცემს იმ მოქალაქეების უფლებებს, თუმცა სახელმწიფო ვერ შეეგუება კანონდარღვევებს.
რობერტ ფიცო 23 იანვარს სლოვაკეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს სხდომას მოიწვევს. მანამდე ფიცომ „მაიდანთან“ დაკავშირებით თავისი შეშფოთება უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან 21 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზეც დაადასტურა.
„მოხსენების შინაარსს ვერ გავამხელ, მაგრამ მთელი სერიოზულობით შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიცია ემზადება „მაიდნისთვის““, – აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ოპოზიციამ, როგორც ჩანს, ვერ შეამჩნია, რომ „მსოფლიოში ვითარება შეიცვალა“.