ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ათი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა,- ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.
პალესტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ჯენინში ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეებს და პალესტინის ადმინისტრაციის უსაფრთხოების სტრუქტურის თანამშრომლებს.
პალესტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჯენინში ისრაელის ვერტმფრენები და სამხედრო ავტომობილები გამოჩნდა. რეგიონის ხელმძღვანელი, კამალ აბუ ალ-რუბის განცხადებით, ისრაელის ქმედება არის შეჭრა.
“ისრაელის ძალების ოპერაცია დასავლეთ ნაპირის ქალაქ ჯენინში არის კიდევ ერთი ნაბიჯი უსაფრთხოების განმტკიცებისთვის”,- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
როგორც ისრაელის მედია წერს, ოპერაცია, რომელსაც „რკინის კედელი“ უწოდეს, სავარაუდოდ რამდენიმე დღე გაგრძელდება.