„ნაცმოძრაობისთვის“ თბილისის ბიუჯეტი ბოლო მსხვილი ფინანსური რესურსია“
თბილისის საკრებულოს ფრაქცია“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თბილისის ბიუჯეტის შესახებ ჩიხში შესულ პროცესს ფეისბუქის პირადი გვერდით კიდევ ერთხელ ეხმიანება და ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ მომხდარ დაპირისპირებას იხსენებს. ზაზა გაბუნიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის” თბილისის ბიუჯეტი ბოლო ყველაზე მსხვილი ფინანსური რესურსია, რისი ფლობის შანსიც მას შემორჩა. მისი განმარტებით, „ნაცმოძრაობა“ ხარჯების ხელოვნურად გაზრდის ხარჯზე, 77 მილიონის მობილიზებას აპირებს. „თავი არ უნდა მოვიტყუოთ, 1 ოქტომბერს არ დამთავრებულა ბრძოლა და ამას გუშინდელი ეთერიც მოწმობს. საბიუჯეტო ფულის, ქალაქის ქონების გამნიავებელი ხალხი, ყბის კუნთების დაძაბვამდე კბილების კრაჭუნით ისმენდა გუშინ ჩვენს ბრალდებებს, რადგან თბილისის ბიუჯეტი მთლიანად “ნაციონალური მოძრაობისთვის” ბოლო ყველაზე მსხვილი ფინანსური რესურსია, რისი ფლობის შანსიც შემორჩათ. გუშინ მთელი ძალით ვცდილობდი იმ აყალ-მაყალში სიტყვა ჩამეგდო, ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში როგორ აპირებს „ნაცმოძრაობა“ 77 მილიონის მობილიზებას ხარჯების ხელოვნურად გაზრდის ხარჯზე. ეს მათ მიერ დაგეგმილი ძალიან საშიში თამაშია და არჩევნებამდე რამენაირად უნდა მოვახერხოთ, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ მათი მოქმედებები.
P.S. ის, რაც გუშინ სტუდიაში თუ მის გარეთ ხდებოდა, მხოლოდ უარყოფას იმსახურებს, არავითარი საგნობრივი კამათი, არავითარი საბიუჯეტო პოლემიკა, მხოლოდ შიშველი ემოცია, რაც თავიდანვე ადვილად პროგნოზირებადი იყო“,- წერს გაბუნია.