“ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვიტა, რომ სადავეები ხელში უნდა აიღოს; ამისთვის ზოდელავამ, ბურჭულაძემ და ნებისმიერმა სხვამ არ ივარგა” – გია ვოლსკი

“[ზურაბ] ჯაფარიძემ გადაწყვიტა, რომ სადავეები ხელში უნდა აიღოს. ამისთვის ზოდელავამ, ბურჭულაძემ და ნებისმიერმა სხვამ არ ივარგა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ის „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ახალ ხედვებზე, თამაშის წესებზე შესათანხმებლად სამოქალაქო წრეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში საუბარი მიმდინარეობს.

„აბსოლუტურად გასაგებია რა ვითარებაა – გირჩმა ჯაფარიძემ გადაწყვიტა, რომ სადავეები ხელში უნდა აიღოს. ამისთვის ზოდელავამ, ბურჭულაძემ და ნებისმიერმა სხვამ არ ივარგა. ხოლო სალომე ზურაბიშვილი იმ გეგმის ერთ-ერთი ფაქტორი და ნაწილი უნდა იყოს, რომელიც მის თავში მოიხარშა. არ ვიცი, ეს როდის მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ მას ლიდერის სადავეების ხელში აღება უნდა, რადგან სხვა ლიდერების უხერხემლობას ხედავს. ჰგონიათ, რომ გირჩი ჯაფარიძისგან ძლიერი და გამაერთიანებელი ფაქტორი შეიძლება შეიქმნას, მაგრამ ამაში ცდებიან.

ამოცანა, რაც “ნაცმოძრაობას” გააჩნია, უცვლელია, რომ როგორმე საქართველოში ის მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც ქვეყანას ნგრევის გზისკენ იმ იმედით წაიყვანს, რომ გახდება ევროპის ნაწილი – რაც უკრაინაში ხდება. სისხლში ჩამხრჩვალ უკრაინას უკიჟინებენ, რომ მისი გზა ევროპისკენ მიდის და ევროკავშირის წევრი დაჩქარებულად გახდება. ასეთი ეიფორია არსებობს მათ შორის, ჩვენს ბედოვლათ ოპოზიციაში და ზურა ჯაფარიძემ გადაწყვიტა, რომ ამ ეიფორიას სათავეში ჩაუდგეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები