ევროკავშირი მზადაა, გრენლანდიის გამო ტრამპის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომები მიიღოს – Politico
ევროკავშირი ემზადება შეერთებული შტატების წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი ზომების მისაღებად, მათ შორის 93 მილიარდი ევროს ოდენობის ტარიფების დაწესებისთვის, რათა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გრენლანდიაზე კონტროლის ჩამორთმევის მცდელობა შეაჩეროს.
ამის შესახებ Politico დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ბელგიის დედაქალაქში სამსაათიანი დისკუსიების დროს დიპლომატებმა ხაზი გაუსვეს „ტრამპის წინააღმდეგ კონკრეტული ვარიანტების მომზადების მნიშვნელობას, იმ შემთხვევაში, თუ მომავალ კვირას ვაშინგტონთან მოლაპარაკებები სწრაფ გადაწყვეტამდე არ მივა“.
ევროპელი დიპლომატის თქმით, რომელსაც მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, 93 მილიარდი ევროს ოდენობის საპასუხო ტარიფები შესაძლოა „ძალიან სწრაფად“ დაწესდეს განსახილველ სხვა ვარიანტებთან შედარებით.
როგორც ტრამპმა ადრე Truth Social-ში დაწერა, შეერთებული შტატები დაიწყებს 10%-იანი იმპორტული ტარიფების დაწესებას გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ფინეთის, საფრანგეთისა და შვედეთის მიმართ, რომლებიც ძალაში დარჩება მანამ, სანამ მხარეები არ მიაღწევენ შეთანხმებას ვაშინგტონის მიერ გრენლანდიის “სრულ შეძენაზე”. ტრამპის თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალაში 1 თებერვლიდან შევა.