ირაკლი კირცხალია: დარწმუნებულები ვართ, ბაიდენის ადმინისტრაციის ყველა განცხადებას თუ გადაწყვეტილებას, ახალი ადმინისტრაცია ბევრად უფრო პასუხისმგებლიანად, სიღრმისეულად და ობიექტურად მოეკიდება
არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებით ვხედავთ ბაიდენის ადმინისტრაციის ბევრ გადაწყვეტილებას, რეზოლუციას, ხმამაღალ განცხადებას, არამედ რიგი ევროკავშირის ქვეყნის მიმართებით. დარწმუნებული ვარ, ამ ყველა განცხადებას თუ გადაწყვეტილებას, რომელსაც ბოროტი კუდის მოქნევა დავარქვით, ახალი ადმინისტრაცია ბევრად უფრო პასუხისმგებლიანად, სიღრმისეულად და ობიექტურად მოეკიდება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ის ქვეყნები, სადაც ახლა სერიოზული პოლიტიკური კრიზისია, კვლავ იცლიან საქართველოსთვის და აკეთებენ კონკრეტულ განცხადებებს, ეს კი აჩვენებს იმას, რომ საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე რეალურია.
„საფრანგეთი, გერმანია ავიღოთ, აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, საზოგადოება, რომელიც რეალურად ადევნებს ყველაფერს თვალს, ყველა ძალიან კარგად მიხვდება, რომ მსოფლიოში მთლიანი გეოპოლიტიკური არქიტექტურა იცვლება. გერმანიაში რიგგარეშე არჩევნებია, ნახეთ რა მოხდა მოლდოვაში საფრანგეთში და ა.შ. ასე რომ ასეთ დროს, როდესაც ქვეყანაში ასეთი დონის პოლიტიკური კრიზისი გაქვს და იცლი საქართველოსთვის და ასეთ განცხადებებს აკეთებ, ეს არის იმ საფრთხის რეალური არსებობა, რასაც ჰქვია საქართველოს ომში ჩართვა. ჩვენ არაერთხელ ვახსენეთ, რომ სანამ ჩვენს რეგიონში, უკრაინაში არ დამთავრდება ეს დამანგრეველი ომი, სანამ მთელს ევროპაში საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება ომის რიტორიკიდან სამშვიდობო რიტორიკისკენ, ჩვენ მიმართ, ამ ბოლო, წარმავალი ადმინისტრაციების რიტორიკა იქნება ასეთი. ამასაც ვაანონსებდით, რომ ბოლოში ეს ყველაფერი გამძაფრდებოდა“, – აღნიშნა კირცხალიამ.