ბაიდენი – რუსეთმა უკრაინაში თავისი სტრატეგიული მიზნების მიღწევა ვერ შეძლო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში თავისი სტრატეგიული მიზნების მიღწევა ვერ შეძლო.
„როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, მას ეგონა, რომ კიევს რამდენიმე დღეში აიღებდა. სინამდვილეში, ომის დაწყების შემდეგ კიევის ცენტრში მე ვიყავი და არა ის. პუტინმა ეს ვერ გააკეთა. მე ვარ ერთადერთი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც მოინახულა საბრძოლო მოქმედებების ზონა, რომელიც არ კონტროლდება აშშ-ის ჯარების მიერ“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პუტინმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა უკრაინის დამორჩილება, ნატო-ს ერთიანობის დარღვევა და მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაპყრობა.
ბაიდენმა ასევე დაასახელა ის ორი ამოცანა, რომელიც დაისახა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში. ესენი იყო მსოფლიოს გაერთიანება უკრაინის მხარდასაჭერად და ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ომის თავიდან აცილება.