ლევან მაჭავარიანი: ხელისუფლება რომ ჩამოიშალოს და ზოგადად ქვეყანა რომ ჩამოიშალოს, სამწუხაროდ, ეს ქალბატონ ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს ძალიან სურთ – ეს მათი ერთ-ერთი ნატვრა და ოცნებაა
ხელისუფლება რომ ჩამოიშალოს და ზოგადად ქვეყანა რომ ჩამოიშალოს, სამწუხაროდ ეს ქალბატონ ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს ძალიან სურთ. ეს მათი ერთ-ერთი ნატვრა და ოცნებაა და სწორედ მაგიტომ გავუსვი ხაზი იმ გაგზავნილ „დანოსს“ პირდაპირი მნიშვნელობით, როდესაც ევროკავშირს მიმართეს ისეთი თხოვნებით, რომ რაღაცნაირად აქ ქაოსი და ჩამოშლა მომხდარიყო ჩვენი ქვეყნის, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„მათი ნატვრა ნატვრად დარჩება. ეს რეალობასთან მიახლოებული არ არის, სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ ვუმკლავდებით ყველანაირ სირთულეს და გამოწვევას მით უმეტეს ბოლო 3 წლის განმავლობაში.
რა კომენტარიც ქალბატონმა ზურაბიშვილმა გააკეთა, რომ იგი არის პრეზიდენტი და იგი იქნება პრეზიდენტი, არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთო ამ საკითხზე შეფასება. იგივე წარმატებით შეუძლია ბატონმა მარგველაშვილმა თქვას, რომ დღეს იგი არის საქართველოს პრეზიდენტი, ან ბატონმა სააკაშვილმაც თქვას, რომ ის არის საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს ჰყავს ახალი პრეზიდენტი, ეს არის მიხეილ ყაველაშვილი და რაც მალე შეეგუებიან ამას, მით უკეთესი მათთვის.
ოქტომბერში უკვე თვითმმართველობის არჩევნები მოდის და მე ვურჩევდი, რომ მომზადება დაიწყონ ამ არჩევნებისთვის, რომ ესეც არ წააგონ ისეთივე დიდი ანგარიშით, როგორც წააგეს საპარლამენტო არჩევნები“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.