ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
დატვირთული სეზონიდან გამომდინარე ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გზების წმენდისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ყოველდღიურად 00:00 – 06:00 საათებში ხორციელდება.
“გზების გამტარუნარიანობის შემცირებას, ასევე, იწვევს საახალწლო დღეებში კურორტზე ჩამოსული ტურისტებისა და დამსვენებლების დიდი რაოდენობა, რომლებიც მანქანებით გადაადგილდებიან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბაკურიანში არსებული მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, დაბაში გადაადგილება მხოლოდ ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა ნებადართული.
მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ავტომობილები არ დააყენოთ ნაგვის ურნების წინ, რათა არ შეფერხდეს სამუშაო პროცესი, ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოათავსოთ ნაგვის ურნაში ან ურნასთან და არ დატოვოთ ქუჩაში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.