ზახაროვა: რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტაზე პასუხისმგებელი აშშ, უკრაინა და ევროპაა
რუსული გაზის მიწოდების შეჩერებაზე პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს, უკრაინის ხელისუფლებას და ევროპის ქვეყნებს ეკისრებათ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისი თქმით, მათ თავიანთი მოქალაქეების კეთილდღეობა ამერიკის ეკონომიკის ფინანსურ მხარდაჭერას შესწირეს.
„კონკურენტული და ეკოლოგიურად სუფთა რუსული ენერგიის მიწოდების შეწყვეტა არა მხოლოდ ასუსტებს ევროპის ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ ძალიან უარყოფითად აისახება ევროპის მოქალაქეების ცხოვრების სტანდარტზე“, – აცხადებს ზახაროვა.
ზახაროვამ აშშ ენერგეტიკული ბაზრის გადანაწილების მთავარ ბენეფიციარად და უკრაინის კრიზისის სპონსორად დაასახელა. პირველი მსხვერპლი, მისი აზრით, იყო გერმანია, რომელიც Nord Stream-ის აფეთქების შემდეგ იძულებული გახდა ბუნებრივი აირი ძვირად ეყიდა და თავისი უმსხვილესი წარმოების ობიექტები შეეზღუდა.