საქართველოს 6 მოქალაქე ბელორუსსა და ლიტვაში დააკავეს
ბელორუსული გამოცემა „belapan.by“-ს ინფორმაციით, 3 და 5 ოქტომბერს ბელორუს-ლიტვის სასაზღვრო ზონაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. მათივე ცნობით, ბელორუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტი 1976, 1979 და 1982 წლებში დაბადებულ პირებს სასაზღვრო რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს.
ბელორუსული გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე ლიტვისა და ბელორუსის მესაზღვრეების ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად დააკავეს.
5 ოქტომბერს გამშვები პუნქტის “Каменный Лог”-ის მორიგემ ვიდეო-დაკვირვების სისტემის საშუალებით ლიტვის მიმართულებით სამი საეჭვო პირის მოძრაობა შენიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ ოპერატიულად გადაეცა ლიტვის პოლიციის ვილნიუსის განყოფილებას. რის შემდეგაც ლიტველმა მესაზღვრეებმა სამი ქართველი დააკავა. ისინი ლიტვის პოლიციამ ბელორუსულ მხარეს გადასცა. არალეგალმა ემიგრანტებმა აღიარეს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში უკეთესი ცხოვრების საძიებლად მიემგზავრებოდნენ.
სახელმწიფო საზღვრის დამრღვევები ამჟამად დროებითი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.