სპეციალური პენიტენციური სამსახური „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
,,სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ, მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას მსჯავრდადებულ გ.ბ. -სთან დაკავშირებით.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსჯავრდადებული გ.ბ. პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 27 მაისს. იგი განთავსებული იყო არა სამარტოო, არამედ 4 -ადგილიან საცხოვრებელ საკანში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამესაკნესთან ერთად, მათ შორის, მიმდინარე წლის 12 ივლისამდე.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდადებულ გ.ბ.-სა და მასთან საკანში მყოფ პატიმარს შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორივე მსჯავრდადებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. მსჯავრდადებულ გ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, გაეწია სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაცია და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, იმავე დღეს, დაბრუნებულ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
მიმდინარე წლის 12 ივლისს, გ.ბ. გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებების გამო, ამავე სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება მეორე მსჯავრდადებულიც.
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინციდენტის დაფიქსირების დღიდან, 2025 წლის 11 ივლისიდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ ინციდენტთან დაკავშირებით, მსჯავრდადებულ გ.ბ.-ს, ასევე, შეხვდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი.
საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები, გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას თავი შეიკავონ ყველა სახის დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”,- წერია განცხადებაში.