ირაკლი კობახიძე: თუ მოხდება აშშ-ის დეოლიგარქიზაცია, არაფორმალური გავლენებისგან გაწმენდა და „დიფ სთეითის“ გაწმენდა, ძალიან კარგი მიმართულებით წავა ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობები და ეს პირდაპირ აისახება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე

თუ მოხდება აშშ-ის დეოლიგარქიზაცია, არაფორმალური გავლენებისგან გაწმენდა და „დიფ სთეითის“ გაწმენდა, ძალიან კარგი მიმართულებით წავა ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობები და ეს პირდაპირ აისახება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღეს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობები არის სრულიად არასასურველ ნიშნულზე.

„დღეს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობები არის სრულიად არასასურველ ნიშნულზე. ჩვენ ვითხოვთ გადატვირთვას. მინდა შეგახსენოთ, როგორ ვითარდებოდა სამი წლის განმავლობაში პროცესები. ჯერ იყო განაცხადის შეტანა, კანდიდატის სტატუსზე, 5000-გვერდიანი დოკუმენტაცია მოვამზადეთ ხელისუფლებამ, მათ შორის, საჯარო მოსამსახურეები დღეს და ღამეს ათენებდნენ, რომ ეს დოკუმენტაცია წარგვედგინა.ი ყველამ იცის, რომ საქართველო უსწრებდა უკრაინასაც, მოლდოვასაც, ბოსნიასაც, ყველა პარამეტრით, გავაგზავნეთ განაცხადი ივნისში, ყოველგვარ დასაბუთების გარეშე გვეთქვა უარი. ჯერ „ენჯეოები“ აცხადებდნენ, რომ მათ უნდა შეევსოთ კითხვარი, თან ამბობდნენ, რომ ქვეყანა იქცეოდა, თან თვითონ უნდა დაეწერათ ის დოკუმენტაცია, სადაც ქვეყნის მდგომარეობა უნდა ყოფილიყო აღწერილი. მათი განზრახვა რა იყო – უნდა გაეგზავნათ ისეთი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ჩვენ არ მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. მანამდე, ივნისამდე, ვიდრე გადაწყვეტილება მიიღებოდა, სოროსის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამების ხელმძღვანელმა, ჩხიკვაძემ დაწერა ოფიციალურად დასკვნა, რომლითაც მოუწოდებდა ევროკავშირს, არ მოენიჭებინა ჩვენთვის სტატუსი. აქაც ორმაგი სტანდარტი და არაკეთილსინდისიერება თუ არ არის, ვინმემ გაკიცხა ეს ადამიანი იმისთვის, რომ ევროკავშირისგან ითხოვდა უსამართლო გადაწყვეტილების მიღებას, კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას? რატომ არ გაკიცხეს ან „ენჯეოებმა“, ან პარტიებმა, რომელთაც თავი მოჰქონდათ, რომ თვითმიზანი იყო მათთვის ევროინტეგრაცია. კაცმა დაწერა და გააგზავნა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსიო. მერე გამოვიდნენ ეს „ენჯეოები“ ივნისში, როცა არ მოგვენიჭა სტატუსი, სრულიად უსამართლოდ, ქულებით გამოაქვეყნეს შეფასება და დადგინდა, რომ ყველანაირად ჩვენ გვეკუთვნოდა პირველ რიგში კანდიდატის სტატუსი. გამოვიდნენ „ენჯეოები“ და იმ ჩხიკვაძეს კი არ მოსთხოვეს პასუხი, რომელმაც დასკვნა გააგზავნა, ჩვენი გადადგომა მოითხოვეს, იმიტომ, რომ ჩვენ დაგვაბრალეს კანდიდატის სტატუსის არმინიჭება. აქედან წელიწად-ნახევარი რა ხდებოდა, ესეც მინდა შეგახსენოთ, იყო 12 პუნქტი, ბოლომდე, პირნათლად შევასრულეთ ყველაფერი. ყველაფერი გავაკეთეთ. აქაც იყო საბოტაჟი. „ენჯეოებმა“ უარი თქვეს  სამუშაო ჯგუფებში შემოსვლაზე, პარტიებმა თქვეს უარი სამუშაო ჯგუფებში შემოსვლაზე და პირდაპირ კამპანია მიდიოდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ამბობდნენ, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, არაფერია შესრულებული, არ უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. თან იქვე აცხადებდნენ, რომ თვითმიზანი იყო მათთვის ევროინტეგრაცია და ქვეყნის წინ წაწევა ამ მიმართულებით. ესეც სრული ფარსი და ტყუილი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, იქითა მხრიდან იყო მხოლოდ საბოტაჟი და ხელოვნური დაბრკოლებები, ისინი იყვნენ „პროევროპელები“ და ჩვენ ვიყავით ანტიევროპულები. აქაც ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა. ყველაზე მძიმე ის იყო, რომ ევროკავშირის პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების მხრიდან აქედან იქით საბოტაჟს ჰქონდა პირდაპირი მხარდაჭერა. ძალიან მარტივი, გაშიფრული თამაში იყო. მთელი ეს წლები ჩვენ ვითხოვთ, ჩვენ გვინდა, ისინი ამბობენ რომ არ უნდა მოგვენიჭოს, არ გვეკუთვნის, არ უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები, ისინი არიან ამ დროს პროევროპულები და ჩვენ ვართ ანტიევროპულები. იმდენად ყალბი და მარტივი თამაშია, რომ ყველა ხედავს, რაშიც არის საქმე. საჯარო დისკუსიაზეც მაგიტომ ვერ ჯდებიან. ეს კითხვა რომ დაისმება, რა პასუხი უნდა გაგცენ. თვითონ ეწინააღმდეგებოდნენ კანდიდატის სტატუსსაც. მერე რამდენი ტყუილი ილაპარაკეს, ამბობდნენ, რომ მილიარდები დაგვეყრებოდა ევროკავშირიდან, როგორც კი სტატუსი მივიღეთ, თქვეს, რომ ეს სტატუსი თურმე არაფერი არ იყო. ამ კითხვას რა პასუხი უნდა გასცენ, სრული ტყუილი, სრული ფარსი. დღესაც ცდილობენ, როგორმე დააზიანონ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ამოწურეს ყველანაირი რესურსი.

ვართ არასასურველ ნიშნულზე, მაგრამ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინები, მათ შორის, ეს მოლოდინები დაკავშირებულია აშშ-ში ცვლილებებთან, 20 იანვარს შედგება ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია  და ძალიან მაღალი ალბათობით, უკრაინაში ომი დასრულდება პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობის პირობებში. დამშვიდდება რეგიონი და ეს აისახება საქართველოზეც. გარდა ამისა, დონალდ ტრამპს აქვს გაცხადებული, რომ ის აპირებს ბრძოლას „დიფ სთეითთან“ და ჩვენთან ურთიერთობებში მთავარ პრობლემას ქმნიდა სწორედ ეს არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენები. თუ მოხდება აშშ-ის დეოლიგარქიზაცია, არაფორმალური გავლენებისგან გაწმენდა და „დიფ სთეითის“ გაწმენდა, ძალიან კარგი მიმართულებით წავა ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობები და ეს პირდაპირ აისახება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები