უკრაინის მონაცემებით, რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოკორეელი სამხედროების დანაკარგი 3000-ზე მეტია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია 3000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი.
ზელენსკის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, სამხრეთ კორეის მედიასაშუალებები დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია დაახლოებით 1100 ჩრდილოკორეელი სამხედრო.
პირველი ცნობები, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად ფხენიანმა ათასობით სამხედრო გაგზავნა, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა. უკრაინული მხარის მონაცემებით, მათი რიცხვი 12 000-მდეა.
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ რუსეთი ყალბი მოწმობებით ცდილობს, თავის ტერიტორიაზე ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ყოფნა დამალოს.