მაჭარაშვილი – ზურაბიშვილზე: მოლოდინი გააჩინა, რომ მეორედ მოსვლის შესახებ განცხადებას გააკეთებდა და ჩვეულებრივი ბელეტრისტიკა თქვა – დაველაპარაკები „ქართულ ოცნებასო”
“რადიკალებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება და მათ შორის, ზურაბიშვილსაც”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტობის დროს ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებელია სალომე ზურაბიშვილი.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რატომ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომ 29 დეკემბრამდე სურს შეხვედრა „ქართულ ოცნებასთან“? სალომე ზურაბიშვილი ხომ ამბობდა, რომ პრეზიდენტი იქნებოდა აწ და მარადის, ვიდრე თავად ოპოზიცია არ მოვიდოდა ხელისუფლებაში? 30 დეკემბერს რომ უთხრას “ქართულმა ოცნებამ” ვისაუბროთო, აღარ დაელაპარაკება? მან ფაქტობრივად აღიარა, რომ 29 დეკემბერს დასრულდება მისი, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილება. ერთი მხრივ, ეს კარგია, ანუ ათვითცნობიერებს, რომ მოუწევს ორბელიანების სასახლიდან გამობრძანება. რაც შეეხება მის არაადეკვატურ განცხადებებს, სალომე ზურაბიშვილი ადეკვატური არც არასდროს ყოფილა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ხვდება, მათ შორის, ზურაბიშვილიც, რომ რადიკალური ფრთის დრო უკვე დათვლილია.
„ხალხის ძალამ“ არაერთხელ დავაყენეთ ეს საკითხი და 2025 წლიდან, ისევ მკაცრად დავაყენებთ ამ საკითხს, რომ პოლიტიკურად და სამართლებრივად, აუცილებლად მოხდეს ამ მარგინალური, კოლექტიური ძალის – „ნაცმოძრაობის“ გასამართლების პროცედურის დაწყება. ეს აუცილებლად მოხდება და ამას ჩვენ უზრუნველვყოფთ. 2025 წლიდან ბევრი რამ შეიცვლება მსოფლიოში და საქართველოშიც და აუცილებლად მოუწევთ რადიკალებს პასუხისგება, მათ შორის – ზურაბიშვილსაც. შემთხვევითი არ იყო ევროპიდან განაცხადები – რატომ ემუქრებით ზურაბიშვილსო. მეტი საქმე არ აქვთ ევროპაში, რომ ზურაბიშვილზე ზრუნავდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, დაურეკა ზურაბიშვილმა და უთხრა – მემუქრებიან და რა გავაკეთოო. იქაც დაფიქრდნენ, ჩახედეს კონსტიტუციას და მიხვდნენ, რომ ასე არ არის – პრეზიდენტი რომ ხარ და ყველაფრის უფლება გაქვს. პრეზიდენტობის დროს ნამოქმედარზე, არასწორ ქმედებებზე პასუხი მოეთხოვებათ.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია და გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს საფრანგეთში. ჩვენ გვადანაშაულებდნენ და გვეუბნებოდნენ – როგორ შეიძლება, პრეზიდენტი ციხეში იჯდესო. საფრანგეთში ყოფილი პრეზიდენტი ზის ციხეში და მას გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი.
დემოკრატია ასე მუშაობს, ამას ხვდება ზურაბიშვილიც და ამიტომაა არაადეკვატური. გუშინ საღამოსაც არაადეკვატური განცხადებები გააკეთა – მოლოდინი გააჩინა, რომ მეორედ მოსვლის შესახებ განცხადებას გააკეთებდა და ჩვეულებრივი ბელეტრისტიკა თქვა – დაველაპარაკები „ქართულ ოცნებასო“. ხომ იძახის არალეგიტიმურია ხელისუფლებაო? ვის უნდა დაელაპარაკოს? ანუ ხელისუფლებაც აღიარა. თუ ხელისუფლებაც და ლეგიტიმაციაც აღიარა ერთი დარჩენია – კალენდარს შეხედოს, დაითვალოს და გამოვიდეს სასახლიდან 29 დეკემბერს, ქვიშის საათი ჩართულია“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.