ბაკურიანში 3 დღიანი პროექტი – „შესაძლებლობები უსაზღვროა“ განხორციელდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისა და მათი მშობლებისთვის, ბაკურიანში 3 დღიანი პროექტი – „შესაძლებლობები უსაზღვროა“ განახორციელა, – ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
პროექტის დასკვნით ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანი კიტია და აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ ქარაია ესწრებოდნენ, რომლებმაც ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი მხარდაჭერა, დაახლოება და წახალისება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ზაალიშვილის ინიციატივით პროექტის მონაწილეებისთვის დიდველზე ექსკურსია მოეწყო.
დავით ფაცაციამ „აზდაკის ბაღის” – ინტეგრირებული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და რეჟისორს ბაჩო გაბრუაშვილს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„აზდაკის ბაღის” – ინტეგრირებული თეატრის სეზონის გახსნაზე, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდებმა წარმოგვიდგინეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “Hellados”, ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წევრებს მხარდაჭერის, დაახლოებისა და წახალისების მიზნით დავპირდით გასვლითი ღონისძიების ორგანიზებას და ბაკურიანში განვახორციელეთ 3 დღიანი პროექტი.
თითოეულ მათგანს დიდ წარმატებებს ვუსურვებ და მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ არიან მაგალითები სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისთვის – სიძლიერის, შრომისმოყვარეობის, გამბედაობისა და „შეზღუდული შესაძლებლობების არარსებობის“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.