გივი მიქანაძე EQAR-ის გადაწყვეტილებაზე: სამწუხაროა, რომ მათ დასკვნა დააფუძნეს 2023 წლის მდგომარეობას და არა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორც პარლამენტის მიერ, ასევე, განათლების სამინისტროს მიერ გადაიდგა 2024 წლის განმავლობაში
“ქართული ოცნების” წევრი გივი მიქანაძე EQAR-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ეს არის შეფასებული 2023 წლის მოცემულობებით, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია, იმიტომ, რომ 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე, მთავრობის ინიციატივით, ჩვენმა კომიტეტმა განიხილა არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შემდგომში პარლამენტში იყო წარდგენილი. მინდა გითხრათ, რომ ძირითადი რეკომენდაციები შესრულებულია.
სამწუხაროა, რომ მათ დასკვნა დააფუძნეს 2023 წლის მდგომარეობას და არა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორც პარლამენტის მიერ, ასევე, განათლების სამინისტროს მიერ გადაიდგა 2024 წლის განმავლობაში. ამიტომ ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ამ გასაჩივრების საფუძველზე წარდგენილი იქნება ყველა დეტალური ცვლილება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება მხედველობაში გატარებული და ეს შეჩერებული რეგისტრაცია აღდგება,” – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა. რეგისტრაციის შეჩერება EQAR-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა ასახული. EQAR-ის ვებგვერდის თანახმად, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აქტივობები ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პრინციპების (ESG) ფარგლებში მოიცავდა: საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ერთობლივი პროგრამების აკრედიტაციას, უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ავტორიზაციას (ან ხელახლა ავტორიზაციას) და ევროპულ მიდგომას ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველსაყოფად.