სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 010.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 43.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტით გაიზარდა და 2 588.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.3 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 510.7 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 385.6 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 253.8 მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 316.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 261.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 212.6 მლნ. აშშ დოლარით.