მათიკაშვილის განცხადებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნის მხარდამჭერების პეტიცია განიხილა და ხელმომწერთა ნამდვილობა ვერ დაადგინა
მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნის მხარდამჭერების პეტიცია განიხილა და ხელმომწერთა ნამდვილობა ვერ დაადგინა.
როგორც დეპუტატი განმარტავს, პეტიციის 13 900-ზე მეტი მხარდამჭერიდან დოკუმენტს არცერთი არ აწერს ხელს.
„პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარეს პეტიციის განაცხადი წარედგინება წერილობით ან/და ელექტრონულად. ამავე მუხლის მეოთხე პრიმა პუნქტის თანახმად, წერილობით წარდგენილი განცხადება პეტიციაზე, პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, ხელმოწერით, მისი სახელის გვარის, პირადი ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი პეტიციის 13 900-ზე მეტი მხარდამჭერიდან, არც ერთი მათგანის შემთხვევაში არ არის მითითებული ტელეფონის ნომერი. ამასთან, არცერთი მხარდამჭერის შემთხვევაში არ არის განხორციელებული ხელმოწერა, ხოლო პირადი ნომერი მითითებულია მხოლოდ ერთი მხარდამჭერის შემთხვევაში. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მეხუთე პრიმა პუნქტის შესაბამისად, ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც 203-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არის შესრულებული. აქედან გამომდინარე, ყველა მხარდაჭერის შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მოთხოვნები, რის საფუძველზეც ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა არ აღემატება 300 პირის ხელმოწერას, შესაბამისად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილება არის ერთმნიშვნელოვანი. პეტიციის ავტორს უარი უნდა ეთქვას პეტიციის განხილვაზე, რადგანაც ტექნიკური თვალსაზრისით ის არ შეესაბამება რეგლამენტის მოთხოვნებს.
ჩვენი კომიტეტის ვალდებულებაა, პეტიციის ხელმოწერების ნამდვილობის საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ. სწორედ ამას გვავალდებულებს ჩვენ რეგლამენტი, რომ ისე უნდა იყოს პეტიცია წარმოდგენილი, რომ იდენტიფიცირებადი იყოს ხელმომწერი. უნდა იყოს კონკრეტული მოცემულობა პირადი ნომრის, ტელეფონის ნომრის ხელმოწერის სახით, რომ გადამოწმებადი იყოს შემდგომ ეს საკითხი”, – განმარტა დავით მათიკაშვილმა.