კანადის ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
კანადის ფინანსთა მინისტრი კრისტია ფრილენდი პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ფინანსთა მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს შორის აზრთა სხვადასხვაობა ხარჯებთან და აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელ ტარიფებთან დაკავშირებით იყო.
„ბოლო რამდენიმე კვირაა, მე და თქვენ აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს კანადისთვის წინსვლის საუკეთესო გზასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ფრილენდის წერილში, რომელიც მან სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
ასევე, გადამდგარმა მინისტრმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის მიერ კანადისთვის იმპორტზე ახალი ტარიფების დაწესების მუქარა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
უმცირესობის მთავრობის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ფრილენდის შემცვლელად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი დომინიკ ლებლანკი დასახელდა.
ფრილენდის გადადგომა, რომელიც ასევე ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა, 2015 წლის შემდეგ ტრიუდოს მთავრობის წინაშე არსებული უდიდესი კრიზისია. მისი თანამდებობიდან წასვლით ჯასტინ ტრიუდო საკვანძო მოკავშირის გარეშე დარჩა მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელშიც არსებული პროგნოზებით, ის ოპოზიციონერ კონსერვატორებთან დამარცხდება.