უკრაინის დაზვერვა – ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში პირველი დანაკარგები განიცადეს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ 14 და 15 დეკემბერს რუსეთის კურსკის ოლქის რამდენიმე სოფელში ჩრდილოეთ კორეის არმიის ქვედანაყოფებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. საუბარია, სულ მცირე, 30 დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცზე.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარები, სავარაუდოდ, ცდილობენ ჩრდილოეთ კორეის დანაკარგები დამალონ.
„მთავარსარდალმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ბრძოლებში რუსული არმიის მხარეს იბრძვიან. ამ ძალების განადგურების შესახებ ბევრი დეტალი არსებობს. წინასწარი მონაცემებით, რუსები ჩრდილოეთ კორეელების დანაკარგების დამალვას ცდილობენ. უკრაინის თავდაცვის ძალები და ჩვენი დაზვერვა არკვევენ სრულ ინფორმაციას იმ რუსული ქვედანაყოფების რეალური დანაკარგების შესახებ, რომელშიც კორეელებიც არიან ჩართულნი. სამწუხაროდ, ჩვენ მათგანაც გვიწევს თავის დაცვა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები რუსეთის ძალებთან ერთად კურსკში ბრძოლაში პირველად ჩაერთნენ და ვაშინგტონს აქვს ინფორმაცია, რომ მათ დანაკარგები განიცადეს.
„ჩვენი შეფასებით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ბრძოლაში კურსკში ჩაერთნენ. გვაქვს მინიშნებები, რომ მათ განიცადეს მსხვერპლი, ჰყავთ როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები“, – აღნიშნა პეტ რაიდერმა.
მისი თქმით, მსხვერპლის რაოდენობის შესახებ დეტალები არ აქვს.