უოლცი: ვიქტორ ორბანს რეგულარული კონტაქტი აქვს რუსეთთან და კარგი ურთიერთობა პრეზიდენტ ტრამპთან

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რეგულარული კონტაქტი აქვს რუსეთთან და კარგი ურთიერთობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც.

უოლცმა ხაზი გაუსვა, რომ იმედი აქვს, აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების გარკვეული შეწყვეტა მთელი მსოფლიოს სურვილი იქნება.

მან აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული არაერთი საკითხი არსებობს, რომლებსაც ტრამპის მიერ შეკრებილი „ფანტასტიკური“ გუნდი განიხილავს.

„როგორ გამოიყურება წარმატება, რომელიც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება? როგორ დავასრულოთ ომი? ვინ დგას მოლაპარაკების მაგიდასთან? როგორ მივიყვანოთ ყველა მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან და რა არის შეთანხმების ჩარჩო? ეს ის საკითხებია, რომლებზეც ვფიქრობთ ფანტასტიკურ გუნდთან ერთად, რომელსაც ის აყალიბებს”, – აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მომავალმა მრჩეველმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ვიქტორ ორბანს შორის 11 დეკემბერს სატელეფონო საუბარი შედგა. ქვეყნების ლიდერების საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომს შეეხო.

კრემლის თანახმად, ორბანმა დასავლეთის რიგ ლიდერებთან თავისი კონტაქტების გათვალისწინებით, კრიზისის მოგვარების დიპლომატიური გზების ძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოხატა.

თავის მხრივ, პუტინმა კიევის ამჟამინდელ პოზიციას დესტრუქციული კურსი უწოდა, რომელიც, მისი თქმით, კვლავ გამორიცხავს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები