მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად ფრანსუა ბაირუ დანიშნა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ფრანსუა ბაირუ დანიშნა,- ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ბაირუ, რომელიც პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერია, მაკრონის მოკავშირედ ითვლება. ფრანგული მედიის ცნობით, ბაირუს საჯაროდ დასახელებამდე, მაკრონს მასთან თითქმის ორსაათიანი “დაძაბული” საუბარი ჰქონდა.
ახლა ბაირუს საკუთარი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება და საფრანგეთის პარლამენტის ნდობის მოპოვება დასჭირდება. მის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად 2025 წლის ქვეყნის ბიუჯეტის მიღება ფულადი სახსრების მკვეთრი დეფიციტის ფონზე წარმოადგენს.
როგორც ფრანგული მედია წერს, მაკრონს პრეზიდენტობის მეორე ვადის ნახევარი თითქმის გავლილი აქვს, თუმცა მიმდინარე წელს მას უკვე მეოთხე ახალი პრემიერი ეყოლება. ამის მიუხედავად, მაკრონმა პირობა დადო, რომ გადადგომას არ აპირებს და თანამდებობაზე 2027 წლამდე დარჩება, როდესაც მისი მეორე ვადა ამოიწურება.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიშელ ბარნიე თანამდებობაზე მხოლოდ სამი თვით იმყოფებოდა. მას 5 დეკემბერს ეროვნულმა ასამბლეამ უნდობლობა გამოუცხადა, რასაც მთავრობის დაშლა მოჰყვა, რაც 1962 წლის შემდეგ საფრანგეთში პირველად მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ბაირუ სამჯერ იყრიდა კენჭს საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე – 2002, 2007 და 2012 წლებში.