რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა
რუსულმა ძალებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს, საჰაერო განგაში ქვეყნის ყველა რეგიონში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსებმა უკრაინას „კალიბრის“, „კინჟალის“ რაკეტებით, „შაჰედის“ ტიპის დრონებით და სხვა საშუალებებით შეუტიეს. ფრთოსანი რაკეტების ჯგუფი დაფიქსირდა ხერსონის ოლქში, მიკოლაივის ოლქის აღმოსავლეთით.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რაკეტებმა მიკოლაივის ოლქიდან კიროვოგრადისკენ განაგრძეს მოძრაობა. რაკეტები დაფიქსირდა სუმის, ჩერნიგოვის, კიევისა და პოლტავას ოლქებშიც.
საჰაერო ძალების ცნობით, რაკეტები მოძრაობდნენ უკრაინის დასავლეთით – ვინიცის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, ჩერკასისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებისკენ. მედიის ინფორმაციით, კიევში, ოდესაში, ხმელნიცკსა და ივანო-ფრანკოვსკში აფეთქებების ხმები ისმოდა.
ზელენსკი ფიქრობს, რომ ამ დაბომბვით რუსმა დამპყრობლებმა დიქტატორ ვლადიმერ პუტინის „სამშვიდობო“ გეგმა გამოავლინეს, რომელიც უკრაინაში ყველაფრის განადგურებას გულისხმობს.
„81 რაკეტის ჩამოგდება მოვახერხეთ, საიდანაც 11 საკრუიზო რაკეტა ჩვენი F-16-ების წყალობით ჩამოვაგდეთ. რუსებმა ამ შეტევაში ასევე გამოიყენეს თითქმის 200 დრონი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.