“პირადად მე, არანაირი შეტყობინება არც წინა შემთხვევაში და არც ამ შემთხვევაში არ მიმიღია. გაგვიმხილონ, ვის ასანქცირებენ”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20-მდე მოქალაქისთვის, მათ შორის, მინისტრების, პარლამენტის წევრების, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების და კერძო პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას.
მდინარაძე იმედოვნებს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადაიტვირთება.
„ეს არის კუდის მოქნევა აშშ-ში დამარცხებული მთავრობისა. აშშ-ში დამარცხდა მთავრობა და დამარცხებული მთავრობა კუდს იქნევს, რომ უფრო დაამძიმოს ის, რაც აქამდე გააკეთა, გაართულოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რათა შემდეგ ურთიერთობებში პრობლემები ძნელი აღმოსაფხვრელი იყოს. ეს ყველაფერი უკვე ზღვარს გასცდა. რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადეს, პარტნიორობა შევწყვიტეთო, არადა ჩვენ არ გვქონია არც პირდაპირი ფრენები, არც უვიზო მიმოსვლა, არც თავისუფალი ვაჭრობა, რაც პარტნიორობის ჩანასახს მაინც შექმნიდა. იმედი გვაქვს, ურთიერთობები გადაიტვირთება, ნელ-ნელა რეალურ საკითხებზე ვილაპარაკებთ და ეს ურთიერთობები მხოლოდ განცხადების დონეზე არ დარჩება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.