ტრამპი – ევროპას: უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მეთვალყურეობა თქვენი საქმე იქნება
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ევროპაში გამართული ვიზიტიდან ირკვევა, რომ მისი პოზიციით, უკრაინის მხარდაჭერის ძირითადი პასუხისმგებლობა ევროპას უნდა დაეკისროს. ეს ევროპული ქვეყნების მხრიდან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობისთვის ჯარისკაცების განლაგებას და რუსეთის შესაკავებლად შეიარაღების გაგზავნასაც მოიცავს,- ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა ინფორმირებულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, 7 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ემანუელ მაკრონს, უთხრა, რომ იგი არ ემხრობა NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას, თუმცა, სურს, რომ ბრძოლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინა ძლიერი და კარგად შეიარაღებული იყოს.
მაღალჩინოსნების ინფორმაციით, ტრამპმა თქვა, რომ ევროპამ უკრაინის დაცვასა და მხარდაჭერაში მთავარი როლი უნდა შეასრულოს. მას ასევე სურს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგისთვის ევროპულმა ქვეყნებმა სამხედროები უკრაინაში გაგზავნონ. ამასთანავე, მას არ გამოურიცხავს, ამ შეთანხმებისთვის აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა, თუმცა, მაღალჩინოსნების თქმით, ეს მხარდაჭერა უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას არ მოიცავს.